ტეგების არქივი: ვანო გიოშვილი

„ერთადერთი დედამიწა“

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ 2017 წლის კონკურსის ფარგლებში საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ინიციატივით თბილისის N64-ე საჯარო სკოლის ბაზაზე საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის თბილისის სკოლისა და „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი“ (CENN)-ის აქტიური მხარდაჭერით დაარსდა ეკოლოგიური კლუბი „ერთადერთი დედამიწა“.

კლუბის პირველ სხდომაზე მოსწავლეებმა მოისმინეს საქართველოს აგრარული უნიერსიტეტის დოქტორანტის, ილია კუნჭულიას მოხსენება – „ნიადაგი ქვეყნის სიამაყეა“. მსმენელები გაეცნენ ნიადაგის, როგორც ბუნების გამორჩეული ფენომენის ფორმირების თავისებურებებს, ქვეყანაში მათი გავრცელების კანონზომიერებებს, მათი დაცვისა და დეგრადაციის პრობლემებს.

კლუბის პირველ სხდომაზე CENN-ის წარმომადგენელმა, ვანო გიოშვილმა ისაუბრა ნიკო კეცხოველის სახელობის პრემია, „აღმოაჩინე საქართველოს“ სასკოლო კონკურსის შესახებ. მსმენელებისთვის განმარტებული იყო კონკურსის თავისებურებანი, კერძოდ, რომ მისი დანიშნულებაა გარემოსდაცვითი აქტივობა, მათ შორის ხეებისა და ბუჩქების დარგვა, ფოტოკონკურსების მოწყობა, გამოკითხვა სკოლის მოსწავლეების ფართო წრეებში, ახალი ტურისტული მარშრუტების დადგენა და სხვ.

კლუბის სხდომები ჩატარდება ყოველ 2 კვირაში ერთხელ. მორიგი სხდომა მიეძღვნება საქართველოს დაცულ ტერიტორიებს.