ტეგების არქივი: ერთადერთი დედამიწა

“ერთადერთი დედამიწა” კლიმატის გლობალურ ცვლილებებზე

კლუბის მეხუთე სხდომაზე მოსწავლეები გაეცნენ კლიმატის გლობალურ ცვლილებებს. ლექცია წაიკითხა ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორმა, ქალბატონმა მაია მელაძემ. მოსწავლეებს დეტალურად მოუთხრეს მოსალოდნელი კლიმატური ცვლილებების, ისევე როგორც კატასტროფების თავიდან აცილების ალტერნატიულ გზების შესახებ და ა.შ. ამ თემამ მოსწავლეების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ ლექციის მსვლელობისას გამართულ დისკუსიებში.

მორიგი შეკრება მიეძღვნება რადიაციასა და რადიაციულ დაბინძურებას.

ლექციების სერია ხორციელდება “კოჯორი-სამადლოს საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიის ნიადაგური პირობების შესწავლა და მათი რაციონალურად გამოყენების მიდგომების დადგენის“ კვლევის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ინიციატივის – “მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით” ფარგლებში.

„ერთადერთი დედამიწა“

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ 2017 წლის კონკურსის ფარგლებში საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ინიციატივით თბილისის N64-ე საჯარო სკოლის ბაზაზე საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის თბილისის სკოლისა და „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი“ (CENN)-ის აქტიური მხარდაჭერით დაარსდა ეკოლოგიური კლუბი „ერთადერთი დედამიწა“.

კლუბის პირველ სხდომაზე მოსწავლეებმა მოისმინეს საქართველოს აგრარული უნიერსიტეტის დოქტორანტის, ილია კუნჭულიას მოხსენება – „ნიადაგი ქვეყნის სიამაყეა“. მსმენელები გაეცნენ ნიადაგის, როგორც ბუნების გამორჩეული ფენომენის ფორმირების თავისებურებებს, ქვეყანაში მათი გავრცელების კანონზომიერებებს, მათი დაცვისა და დეგრადაციის პრობლემებს.

კლუბის პირველ სხდომაზე CENN-ის წარმომადგენელმა, ვანო გიოშვილმა ისაუბრა ნიკო კეცხოველის სახელობის პრემია, „აღმოაჩინე საქართველოს“ სასკოლო კონკურსის შესახებ. მსმენელებისთვის განმარტებული იყო კონკურსის თავისებურებანი, კერძოდ, რომ მისი დანიშნულებაა გარემოსდაცვითი აქტივობა, მათ შორის ხეებისა და ბუჩქების დარგვა, ფოტოკონკურსების მოწყობა, გამოკითხვა სკოლის მოსწავლეების ფართო წრეებში, ახალი ტურისტული მარშრუტების დადგენა და სხვ.

კლუბის სხდომები ჩატარდება ყოველ 2 კვირაში ერთხელ. მორიგი სხდომა მიეძღვნება საქართველოს დაცულ ტერიტორიებს.