ტეგების არქივი: ეკოტურიზმი

“ერთადერთი დედამიწის” მორიგი შეკრება

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ 2017 წლის კონკურსის ფარგლებში საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ინიციატივით თბილისის N64-ე  საჯარო სკოლის ბაზაზე საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის თბილისის სკოლისა და „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი“ (CENN)-ის აქტიური მხარდაჭერით დაარსდა ეკოლოგიური კლუბი „ერთადერთი დედამიწა“, სადაც ყოველ ორ კვირაში ერთხელ ტარდება შემეცნებითი ლექციები.

პროექტი ხორციელდება “კოჯორი-სამადლოს საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიის ნიადაგური პირობების შესწავლა და მათი რაციონალურად გამოყენების მიდგომების დადგენის“ კვლევის ფარგლებში.

კლუბის მეორე სხდომაზე მოსწავლეებმა მოისმინეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლის, მარიამ თათარაშვილის მოხსენება – „საქართველოს დაცული ტერიტორიები“, რომელშიც წარმოდგენილი იყო ინფორმაცია საქართველოს დაცული ტერიტორიების და მომსახურებების (ეკო ტურიზმი) შესახებ. პრეზენტაცია წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით და დიდი დაინტერესება გამოიწვია მათში.

მორიგი შეკრება მიეძღვნება ადამიანების ოთხფეხა მეგობრებს – ძაღლებს.