2018 წელს “ერთადერთი დედამიწა” შეხვედრებს რადიობიოლოგიაზე საუბრით იწყებს

ეკო კლუბის მეექვსე შეკრებაზე მოსწავლეებმა მოისმინეს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა ლაბორატორიის წარმომადგენლების მიხეილ გოგებაშვილისა და ნაზი ივანიშვილის ლექცია “უხილავი სხივების სამყარო” თანამედროვე რადიობიოლოგიური პრობლემებისა და გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, ივანე თარხნიშვილის შესახებ.

პრეზენტაციის ბოლოს მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დასვეს უამრავი შეკითხვა და წარიმართა დისკუსია. კლუბის შეხვედრები ჩატარდება ყოველ ორ კვირაში ერთხელ.

დაწვრილებით

კოჯორი-სამადლოს საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიის ნიადაგური პირობების შესწავლა და მათი რაციონალურად გამოყენების მიდგომების დადგენა

საქართველოს ნიადაგმცოდნეთა საზოგადოებისა და მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის ინსტიტუტის ინიციატივით საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის „კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით – მეცნიერება იწყება სკოლიდან“  პროექტი „კოჯორი-სამადლოს საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიის ნიადაგური პირობების შესწავლა და მათი რაციონალურად გამოყენების მიდგომების დადგენა”.

პროექტის ფარგლებში მუშაობა მიმდინარეობდა სამ ეტაპად. პირველ რიგში განხორციელდა მოსწავლეებისთვის პროექტის მიზნებისა და სამოქმედო გეგმის გაცნობა, დაიგეგმა და განხორციელდა საველე სამუშაოები.

საკვლევი ობიექტის და ნიადაგების სავლე შესწავლისა და ნიმუშების აღების შემდეგ ჩატარდა ლაბორატორიული სამუშაოები, მოსწავლეებმა გააკეთეს ანალიზები და გაეცნენ უნივერსიტეტსა და ლაბორატორიაში მუშაობის სპეციფიკას. ამის პარალელურად მიმდიანრეობდა სპეციალური ლიტერატურის შესწავლა და დამუშავება.

შედეგების მიღებისა და ლიტერატურის დამუშავების საფუძველზე განხორციელდა ნიადაგების რუკის მომზადება და მათი რაციონალურად გამოყენების მიდგომების დადგენა. პროექტის ბოლოს მოსწავლეებმა წარადგინეს საბოლოო პრეზენტაცია და რუკა.

პროექტის მიმდინარეობისას აღინიშნა ნიადაგების მსოფლიო დღე და დაფუძნდა ეკო კლუბი “ერთადერთი დედამიწა”.

დაწვრილებით

VI რესპუბლიკური კონფერენცია ნიადაგმცოდნეობაში

2017 წლის 8 დეკემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა VI რესპუბლიკური კონფერენცია ნიადაგმცოდნეობაში, რომელიც ეძღვნებოდა გამოჩენილი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს სოფლის მეურნეობის
მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, პროფესორ ივანე სარიშვილის დაბადების 105 წლისთავს. მონაწილეებმა გაიხსენეს პროფესორი სარიშვილი და მისი სამეცნიერო საქმიანობა.

ღონისძიება ჩატარდა ნიადაგების მსოფლიო დღის აღნიშვნის ფარგლებში საქართველოს ნიადაგმცოდნეთა საზოგადოების ინიციატივით.

მოხსენებები:
„ს/მ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ი. სარიშვილი და
სუბტროპიკული აგროქიმიის განვითარება“ – სოფლის მეურნეობის
მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ვალერიან ცანავა
(საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, ჩაის, სუბტროპიკული
კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი)

„ს/მ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ი. სარიშვილის
წვლილი აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო ზონის
ნიადაგების ნაყოფიერების ამაღლების საქმეში“ – ს/მ აკად.
დოქტორები დიანა ხომასურიძე და ამირან თხელიძე
(საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი)

“საქართველოს ნიადაგების წითელი წიგნი: მდგომარეობა და პერსპექტივა” – ს/მ აკად. დოქტორი თამარ ქვრივიშვილი (საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი)

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის –
„კვლევები მოსწავლეეთა მონაწილეობით – მეცნიერება იწყება
სკოლიდან“ – პირველი ნაბიჯები – დოქტორანტი ილია კუნჭულია
(საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი)

დაწვრილებით

“ერთადერთი დედამიწა” კლიმატის გლობალურ ცვლილებებზე

კლუბის მეხუთე სხდომაზე მოსწავლეები გაეცნენ კლიმატის გლობალურ ცვლილებებს. ლექცია წაიკითხა ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორმა, ქალბატონმა მაია მელაძემ. მოსწავლეებს დეტალურად მოუთხრეს მოსალოდნელი კლიმატური ცვლილებების, ისევე როგორც კატასტროფების თავიდან აცილების ალტერნატიულ გზების შესახებ და ა.შ. ამ თემამ მოსწავლეების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ ლექციის მსვლელობისას გამართულ დისკუსიებში.

მორიგი შეკრება მიეძღვნება რადიაციასა და რადიაციულ დაბინძურებას.

ლექციების სერია ხორციელდება “კოჯორი-სამადლოს საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიის ნიადაგური პირობების შესწავლა და მათი რაციონალურად გამოყენების მიდგომების დადგენის“ კვლევის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ინიციატივის – “მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით” ფარგლებში.

ნიადაგების მსოფლიო დღის აღნიშვნა პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიაში

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში, პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, სიმბოლურად, ნიადაგის მსოფლიო დღეს დაათვალიერა. მინისტრი ლაბორატორიაში მიმდინარე პროექტებს და სამუშაო პროცესს გაეცნო.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე ლაბორატორიაში ნიადაგის სრულყოფილი კვლევა ხორციელდება. ქვეყანაში ასეთი შესაძლებლობების ლაბორატორიის არსებობა უმნიშვნელოვანესია; ეს არის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა იმისთვის, რომ სწორად წარიმართოს ნიადაგის კვლევა სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაზრდისა და წარმოებული პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლების ევროსტანდარტებთან მიახლოებისთვის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, ლევან უჯმაჯურიძის განცხადებით, აღნიშნული ლაბორატორია არის მრავალფუნქციური, აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და ფუნქციონირებს მსოფლიოში აპრობირებული მეთოდოლოგიით. „ჩვენ შეგვიძლია სრულად შევისწავლოთ ნიადაგი, განვსაზღვროთ მისი ნაყოფიერება, ასევე შევაფასოთ მისი დეგრადირების ხარისხი, თუკი ასეთი იარსებებს. აღნიშნული ანალიზის საფუძველზე კი, მოვამზადოთ შესაბამისი ანგარიში, რომელსაც გამოიყენებენ როგორც ფერმერები, ისე ყველა დაინტერესებული მხარე, რათა შევინარჩუნოთ ნიადაგის ნაყოფიერება იმ დონეზე, რაც აუცილებელია სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის და მაღალხარისხიანი პროდუქციის მისაღებად“, – განაცხადა ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, გიორგი ღამბაშიძემ.

ნიადაგის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია აღჭურვილია მრავალფუნქციური ხელსაწყოებით, რომელთა გამოყენებითაც მიმდინარეობს ნიადაგების საერთო მდგომარეობის შესწავლა (ინვენტარიზაცია), სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე დაბალნაყოფიერი და დეგრადირებული ნიადაგების (ეროზირებული, დამლაშებული, დაბინძურებული) კვლევა და შეფასება, მათი აღდგენა-გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება. ნიადაგის კვლევის ლაბორატორია ორიენტირებული სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაზე იქნება და კერძო მომსახურებას არ გასწევს. აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია მონაწილეობს რამდენიმე მასშტაბურ პროექტში – ევროკავშირის გაერთიანებული კვლევითი ცენტრის (Joint Research Centre) და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) „ნიადაგების საერთო მდგომარეობის შესწავლა“, NASA – ს „მიწის დეგრადაციის შესწავლა კავკასიის რეგიონში დისტანციური ზონდირების მეთოდების გამოყენებით“.

ნიადაგის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია გაწევრიანებულია FAO-ს ნიადაგის შესახებ მსოფლიო თანამშრომლობის ინციატივის ფარგლებში დაარსებულ ნიადაგის ლაბორატორიების მსოფლიო ქსელში – Global Soil Laboratory Network (GLOSOLAN), რომელიც მიზნად ისახავს ნიადაგის ლაბორატორიული კვლევის ხარისხის გაუმჯობესებას, ლაბორატორიების შესაძლებლობების გაძლიერებას, საერთაშორისო სტანდარტების (ISO) შესაბამისი მეთოდების გამოცდას, ახალი მეთოდების შემუშავებას და ვალიდაციას, ლაბორატორიული პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებში და პროექტებში მონაწილოებას. წილკანში გამართულ ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები – გიორგი ხანიშვილი, რეზო ასათიანი და იური ნოზაძე, ადგილობრივი ხელისუფლების, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, აგრარული და ტექნიკური უნივერსიტეტების წარმომადგენლები და პროფესორ ივანე სარიშვილის ოჯახის წევრები დაესწრნენ.