რუკები

საქართველოს ნიადაგების ეროვნული ატლასი

ცნობილია, რომ გეოგრაფიული ატლასი წარმოდგენს გეოგრაფიული რუკების სისტემატიკურ ერთობლიობას, რომელიც გაერთიანებულია საერთო იდეით, ერთიანი გამოსახვით, გაფორმებული და გამოცემულია ალბომის ან წიგნის სახით.  სიტყვის წარმომავლობა უკავშირდება ჰერარდ მერკატორის ატლასს გამოცემულს XVI საუკუნის ბოლოს. მერკატორის  ატლასის სატიტულო ფურცელზე მოთავსებული იყო მითური გიგანტის ატლანტის (ბერძნულად ატლასის) გამოსახულება, რომელსაც მხრებით ეკავა ცისკიდური.  საუკუნეების მანძილზე გამოიცა უამრავი ატლასი, მათ შორის, რამდენიმე ტომისგან შემდგარი.  თანამედროვე გეოგრაფიული ატლასი  მრავლადაა და ამ ამხვრივ არც ნიადაგების ატლასები წარმოდგენენ გამონაკლისს.

საქართველოში ნიადაგების პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ატლასი გამოიცა ჯერ კიდევ 1984 წელს პროფესორების გ. ტალახაძისა და ი. ანჯაფარიძის რედაქტორობით. ავტორები სამართლიანად აღნიშნავდნენ, რომ ნიადაგების ატლასი არის ის თვალსაჩინო საცნობარო მეცნიერეული დოკუმენტი, რომელსაც შეუძლია სამსახური გაუწიოს როგორც პრაქტიკოსებს, ისე მეცნიერ მუშაკებს საწარმოო და მეცნიერულ მუშაობაში.

საქართველოს ნიადაგების პირველი ატლასი შეიცავდა მოკლე ცნობებს საქართველოს ნიადაგწარმომქმნელი ფაქტორებისა და ნიადაგური საფარის სისტემატიკის საკითხებზე. ატლასის შედგენას საფუძვლად დაედო საქართველოს ნიადაგების რუკა (1 : 400 000 მასშტაბით, 1979). ატლასს თან ერთოდა ნიადაგების ფერადი სურათები (სულ 76).

წინამდებარე ატლასის შედგენას საფუძვლად დაედო საქართველოს ნიადაგების ახალი რუკა (1 : 500 000 მასშტაბით, 1999). რუკის წამყვან ავტორებს 2002 წელს მიენიჭათ საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება.

ატლასში მოცემულია ცნობები (ტექსტი და რუკები) საქართველოს ნიადაგწარმომქმნელი ფაქტორების (რელიეფი, გეოლოგია, კლიმატი, მცენარეულობა) შესახებ. დეტალურად არის განხილული ცალკეული ნიადაგების გენეტიკური თავისებურებანი (ლანდშაფტების, ნიადაგური პროფილების ფოტოსურათებით) და ძირითადი თვისებების გრაფიკული გამოსახვა.

მათი ძირითადი ნაწილი წარმოდგენილია ნიადაგების სამი ძირითადი ნაწილის (ზედა, შუა, ქვედა) ასახვით. ყველა მოტანილ გრაფიკულ მასალას თან ერთვის ორენოვანი (ქართული და ინგლისური) განმარტებითი ტექსტი.

ატლასის შედგენაზე მუშაოიბდნენ არა მარტო ნიადაგმცოდნეები, არამედ ბიოქიმიკოსებიც, რაც, ამ ამხვრივ, პირველ ცდას წარმოადგენს მსოფლიო სამეცნიერო ლიტერატურაში.

ატლასი წარმოადგენს ელექტრონულ ვერსიას და მუდმივად მოხდება მისი განახლება. შეამოწმეთ განახლებული ვერსიებისათვის.