პროექტი SYStem

პროექტ SYStem-ის შესახებ

უმაღლესი განათლება მრავალი გამოწვევის წინაშე დადგა ‘Z’ თაობასთან მიმართებით, რომლებიც “ციფრული ეპოქის მკვიდრები” არიან და უნივერსიტეტების მხრიდან მობილური ტექნოლოგიებისა და გემიფიკაციის უფრო ინტენსიურად გამოყენების მოლოდინები აქვთ. ასეთ გამოწვევებზე საპასუხოდ ნიადაგმცოდნეობასა და ბუნების შემსწავლელი მეცნიერებების სფეროში პროექტი SYStem (Share Your Soils) მოგვევლინა, რომელიც პოლონეთის ნიკოლას კოპერნიკუსის უნივერსიტეტის ნიადაგმცოდნეობისა და ლანდშაფტის მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლების, მარტინ სვიტონიაკისა (კოორდინატორი) და პრემისლავ ჩარზინსკის ინიციატივით დაიწყო. საპროექტო წინადადებამ შესაძლო მაქსიმალური 100 ქულიდან 88 მიიღო და 50 წარდგენილ პროექტს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა, რის შედეგადაც მოიპოვა დაფინანსება Erasmus + Action 2 Strategic Partnerships კონკურსის ფარგლებში. პროექტი 8 ქვეყნის 10 უნივერსიტეტის კონსორციუმის (ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, იტალია, ლატვია, პოლონეთი, სლოვენია და ესპანეთი) ფარგლებში განხორციელდება და მოიცავს ევროპის მრავალ რეგიონში დაგეგმილ კვლევასა და სწავლებას. საქართველოდან პროექტში ასოცირებულ პარტნიორად ჩართულია ასისტენტი ლექტორი ილია კუნჭულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტიდან.

პროექტ SYStem-ის მთავარი მიზანია შექმნას გასართობ-საგანმანათლებლო სოციალური მედია პლათფორმა, რომელიც ნიადაგების აღწერასა და კლასიფიკაციას (საერთაშორისო WRB სისტემის მიხედვით)  მიეძღვნება. პროექტის ფარგლებში შექმნილი მთავარი ხელსაწყო იქნება მობილური აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც შესააძლებელი იქნება შესაბამისი აღწერით აიტვირთოს ნიადაგის პროფილის ფოტოები და გეოლოკაციის მონაცემები, ისევე როგორც კლასიფიკაციის შემოთავაზებული ვერსია. პლათფორმის სხვადასხვა წევრებს საშუალება ექნებათ შევიდნენ ინტერაქციაში და  ნიადაგის კლასიფიკაციისა და გენეზისის საკითხებზე გააზიარონ ცოდნა, დაეხმარონ ნაკლებად გამოცდილ კოლეგებს კომენტარებისა და რჩევების სახით. დამატებით, შეიქმნება სახელმძღვანელო ნიადაგების შესახებ, რომელიც მიეძღვნება ყველაზე თანამედროვე სისტემებს WRB კლასიფიკაციის შესახებ საუნივერსიტეტო სწავლებისას. პროექტის შედეგები საშუალებას მოგვცემს წარმოვადგინოთ სწავლების ინოვაციური მეთოდები არამარტო უნივერსიტეტის ლექტორებისთვის, არამედ დამამთავრებელი კლასების მასწავლებლებისთვის, გარემოსდაცვითი მკვლევარებისა და პრაქტიკოესებისთვის.