კატეგორიის არქივი: კატეგორიის გარეშე

ნიადაგმცოდნეობის III სასკოლო ოლიმპიადა

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის ინსტიტუტის, საქართველოს ნიადაგმცოდნეთა საზოგადოებისა და საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის ინიციატივით, 2018 წლის 27 აპრილს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ჩატარდა ნიადაგმცოდნეობის მესამე სასკოლო ოლიმპიადა სკოლის მოსწავლეებს შორის.

ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებდნენ დედაქალაქიდან და რეგიონიდან, სულ ჩართული იყო 15 სკოლა და 70-მდე VII-XII კლასის მოსწავლე. შერჩეული იყვნენ მოსწავლეები, რომლებსაც სასწავლო პროგრამით გავლილი ჰქონდათ ნიადაგმცოდნეობის საკითხები. მონაწილეებმა მიიღეს ათი თემა და აქედან დაწერეს შემთხვევითი წესით ამორჩეული სამი საკითხი.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა, მოსწავლეთა შორის საბუნებისმეტყველო დისციპლინების (განსაკუთრებით ნიადაგმცოდნეობის) პოპულარიზაცია;  აგრარული დისციპლინებისა და მათი როლის გააზრება; ეკოლოგიასა და უსაფრთხო გარემოზე ზრუნვის აუცილებლობის გათავისება.

მონაწილეებს  აჯილდოებდნენ:

  • საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი, მარინა ქარჩავა.
  • ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტის (ვენა, ავსტრია) პროფესორი, ვინფრიდ ბლუმი.
  • საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი, თენგიზ ურუშაძე

დაწვრილებით

ნიადაგების მსოფლიო დღის აღნიშვნა პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიაში

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში, პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, სიმბოლურად, ნიადაგის მსოფლიო დღეს დაათვალიერა. მინისტრი ლაბორატორიაში მიმდინარე პროექტებს და სამუშაო პროცესს გაეცნო.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე ლაბორატორიაში ნიადაგის სრულყოფილი კვლევა ხორციელდება. ქვეყანაში ასეთი შესაძლებლობების ლაბორატორიის არსებობა უმნიშვნელოვანესია; ეს არის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა იმისთვის, რომ სწორად წარიმართოს ნიადაგის კვლევა სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაზრდისა და წარმოებული პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლების ევროსტანდარტებთან მიახლოებისთვის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, ლევან უჯმაჯურიძის განცხადებით, აღნიშნული ლაბორატორია არის მრავალფუნქციური, აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და ფუნქციონირებს მსოფლიოში აპრობირებული მეთოდოლოგიით. „ჩვენ შეგვიძლია სრულად შევისწავლოთ ნიადაგი, განვსაზღვროთ მისი ნაყოფიერება, ასევე შევაფასოთ მისი დეგრადირების ხარისხი, თუკი ასეთი იარსებებს. აღნიშნული ანალიზის საფუძველზე კი, მოვამზადოთ შესაბამისი ანგარიში, რომელსაც გამოიყენებენ როგორც ფერმერები, ისე ყველა დაინტერესებული მხარე, რათა შევინარჩუნოთ ნიადაგის ნაყოფიერება იმ დონეზე, რაც აუცილებელია სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის და მაღალხარისხიანი პროდუქციის მისაღებად“, – განაცხადა ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, გიორგი ღამბაშიძემ.

ნიადაგის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია აღჭურვილია მრავალფუნქციური ხელსაწყოებით, რომელთა გამოყენებითაც მიმდინარეობს ნიადაგების საერთო მდგომარეობის შესწავლა (ინვენტარიზაცია), სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე დაბალნაყოფიერი და დეგრადირებული ნიადაგების (ეროზირებული, დამლაშებული, დაბინძურებული) კვლევა და შეფასება, მათი აღდგენა-გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება. ნიადაგის კვლევის ლაბორატორია ორიენტირებული სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაზე იქნება და კერძო მომსახურებას არ გასწევს. აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია მონაწილეობს რამდენიმე მასშტაბურ პროექტში – ევროკავშირის გაერთიანებული კვლევითი ცენტრის (Joint Research Centre) და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) „ნიადაგების საერთო მდგომარეობის შესწავლა“, NASA – ს „მიწის დეგრადაციის შესწავლა კავკასიის რეგიონში დისტანციური ზონდირების მეთოდების გამოყენებით“.

ნიადაგის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია გაწევრიანებულია FAO-ს ნიადაგის შესახებ მსოფლიო თანამშრომლობის ინციატივის ფარგლებში დაარსებულ ნიადაგის ლაბორატორიების მსოფლიო ქსელში – Global Soil Laboratory Network (GLOSOLAN), რომელიც მიზნად ისახავს ნიადაგის ლაბორატორიული კვლევის ხარისხის გაუმჯობესებას, ლაბორატორიების შესაძლებლობების გაძლიერებას, საერთაშორისო სტანდარტების (ISO) შესაბამისი მეთოდების გამოცდას, ახალი მეთოდების შემუშავებას და ვალიდაციას, ლაბორატორიული პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებში და პროექტებში მონაწილოებას. წილკანში გამართულ ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები – გიორგი ხანიშვილი, რეზო ასათიანი და იური ნოზაძე, ადგილობრივი ხელისუფლების, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, აგრარული და ტექნიკური უნივერსიტეტების წარმომადგენლები და პროფესორ ივანე სარიშვილის ოჯახის წევრები დაესწრნენ.

“ერთადერთი დედამიწა” – მდგრადი განვითარების მიზნები საქართველოში

კლუბის მეოთხე სხდომაზე მოსწავლეებმა მოისმინეს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დოქტორანტის, ილია კუნჭულიას ლექცია მდგრადი განვითარების მიზნებზე საქართველოში, რაც მოიცავდა ინფორმაციას ზოგადად მდგრადი განვითარების მიზნებზე, ისტორიაზე, ათასწლეულის განვითარების მიზნებზე, საქართველოსთვის პრიორიტეტული 17 მიზნისა და 98 ამოცანის შესახებ და სხვ. შეხვედრაზე დაისვა მრავალი შეკითხვა, ბავშვებს აინტერესებდათ, მათ რა შეუძლიათ გლობალური მიზნების მიღწევისათვის.

მორიგი შეკრება მიეძღვნება კლიმატის გლობალურ ცვლილებას.

ლექციების სერია ხორციელდება “კოჯორი-სამადლოს საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიის ნიადაგური პირობების შესწავლა და მათი რაციონალურად გამოყენების მიდგომების დადგენის“ კვლევის ფარგლებში.