კატეგორიის არქივი: სიახლეები

ლექცია ბორჯომის ხეობის შესახებ

ეკო კლუბის მეშვიდე შეკრებაზე მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია ბორჯომის ხეობის შესახებ. მომხსენებელმა თამარ ხოშტარიამ ისაუბრა ქალაქ ბორჯომის ისტორიის, მინერალური წყლებისა და საკურორტო ზონების შესახებ. ასევე ხეობაში არსებული გამოწვევებისა და პრობლემების ირგვლივ.

“ერთადერთი დედამიწის” კლუბის წევრები დაინტერესდნენ გახშირებული ხანძრების გამომწვევი მიზეზებისა და მათი პრევენციის მექანიზმებით.

დაწვრილებით

2018 წელს “ერთადერთი დედამიწა” შეხვედრებს რადიობიოლოგიაზე საუბრით იწყებს

ეკო კლუბის მეექვსე შეკრებაზე მოსწავლეებმა მოისმინეს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა ლაბორატორიის წარმომადგენლების მიხეილ გოგებაშვილისა და ნაზი ივანიშვილის ლექცია “უხილავი სხივების სამყარო” თანამედროვე რადიობიოლოგიური პრობლემებისა და გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, ივანე თარხნიშვილის შესახებ.

პრეზენტაციის ბოლოს მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დასვეს უამრავი შეკითხვა და წარიმართა დისკუსია. კლუბის შეხვედრები ჩატარდება ყოველ ორ კვირაში ერთხელ.

დაწვრილებით

VI რესპუბლიკური კონფერენცია ნიადაგმცოდნეობაში

2017 წლის 8 დეკემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა VI რესპუბლიკური კონფერენცია ნიადაგმცოდნეობაში, რომელიც ეძღვნებოდა გამოჩენილი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს სოფლის მეურნეობის
მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, პროფესორ ივანე სარიშვილის დაბადების 105 წლისთავს. მონაწილეებმა გაიხსენეს პროფესორი სარიშვილი და მისი სამეცნიერო საქმიანობა.

ღონისძიება ჩატარდა ნიადაგების მსოფლიო დღის აღნიშვნის ფარგლებში საქართველოს ნიადაგმცოდნეთა საზოგადოების ინიციატივით.

მოხსენებები:
„ს/მ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ი. სარიშვილი და
სუბტროპიკული აგროქიმიის განვითარება“ – სოფლის მეურნეობის
მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ვალერიან ცანავა
(საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, ჩაის, სუბტროპიკული
კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი)

„ს/მ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ი. სარიშვილის
წვლილი აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო ზონის
ნიადაგების ნაყოფიერების ამაღლების საქმეში“ – ს/მ აკად.
დოქტორები დიანა ხომასურიძე და ამირან თხელიძე
(საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი)

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის –
„კვლევები მოსწავლეეთა მონაწილეობით – მეცნიერება იწყება
სკოლიდან“ – პირველი ნაბიჯები – დოქტორანტი ილია კუნჭულია
(საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი)

დაწვრილებით

“ერთადერთი დედამიწა” კლიმატის გლობალურ ცვლილებებზე

კლუბის მეხუთე სხდომაზე მოსწავლეები გაეცნენ კლიმატის გლობალურ ცვლილებებს. ლექცია წაიკითხა ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორმა, ქალბატონმა მაია მელაძემ. მოსწავლეებს დეტალურად მოუთხრეს მოსალოდნელი კლიმატური ცვლილებების, ისევე როგორც კატასტროფების თავიდან აცილების ალტერნატიულ გზების შესახებ და ა.შ. ამ თემამ მოსწავლეების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ ლექციის მსვლელობისას გამართულ დისკუსიებში.

მორიგი შეკრება მიეძღვნება რადიაციასა და რადიაციულ დაბინძურებას.

ლექციების სერია ხორციელდება “კოჯორი-სამადლოს საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიის ნიადაგური პირობების შესწავლა და მათი რაციონალურად გამოყენების მიდგომების დადგენის“ კვლევის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ინიციატივის – “მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით” ფარგლებში.

ნიადაგების მსოფლიო დღის აღნიშვნა

2017 წლის 5 დეკემბერს საქართველოს ნიადაგმცდონეთა საზოგადოებისა და მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის ინსტიტუტის ინიციატივით საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის მუზეუმში სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და უნივერსიტეტის თანამშრომლების მიერ აღინიშნა ნიადაგების მსოფლიო დღე.

ნიადაგების საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრმა, აკადემიკოსმა თენგიზ ურუშაძემ დამსწრეებს გააცნო ნიადაგების მსოფლიო დღის, ნიადაგების საერთაშორისო წლისა (2015) და ნიადაგების საერთაშორისო დეკადის (2015-2024) ისტორია. ისაუბრა ნიადაგების მუზეუმის ისტორიასა და საქართველოში ნიადაგმცოდნეობის განვითარებაზე.

დოქტორანტმა ილია კუნჭულიამ ისაუბრა ნიადაგების საერთაშორისო დღეზე, მდგრადი განვითარების მიზნებსა და ნიადაგებისა და მიწების როლზე მათ მიღწევაში. სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს კამპუსი და მუზეუმი.